- დიფუზური მასტოპათია
- ნეირო-ენდოკრინული რეგულაციის დარღვევა თავდაპირველად იწვევს დიფუზურ ცვლილებებს ძუძუში, რომლის კლინიკური გამოვლინებაა სხვადასხვა ხასიათის და ინტენსივობის ტკივილი (ძუძუში), მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. მენსტრუაციის შემდეგ ტკივილი გაივლის. დროთა განმავლობაში, შესაბამისი მკურნალობის არ არსებობის შემთხვევაში, ტკივილი უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი ხდება; ირადირდება მხარში, იღლიაში, ბეჭში, კისერში, ყურის ნიჟარაზე. ავადმყოფები ხდებიან მოუსვენრები და ემართებათ კანცეროფობია. აღნიშნული კლინიკური სურათი დიფუზური მასტოპათიის საწყისი სტადიაა და მას - მასტალგია (მასტოდინია, მაზოპლაზია, მტკივნეული მკერდი) ეწოდება.ხშირია 35 წლამდე ასაკის ქალებში. დაავადების შემდგომ ეტაპზე ძუძუში ჩნდება გამკვრივებული უბნები მკვეთრი საზღვრების გარეშე; შეიგრძნობა ტიხრები, წილაკოვნობა, მარცვლოვნობა; ძუძუ გაჯირჯვებულია. უფრო ხშირი ლოკალიზაციაა ზემო გარეთა კვადრანტი. დვრილზე ზეწოლისას, შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ხასიათის გამონადენი: ხსენი. სეროზული, მომწვანო ფერის და ა.შ. მტკივნეული უბნები და გამონადენი დვრილიდან მცირდება მენსტრუაციის შემდეგ.Source: ვერულაშვილი ივანე, ვერულაშვილი ია. ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი: [ქართ. და რუს. ენ.] / ივანე ვერულაშვილი, ია ვერულაშვილი; [რედ. მედიცინის დოქტორი მარინე ქორთუშვილი] - თბ.: [ფონდი ტასო], 2007
Georgian encyclopedia. 2013.